მთარგმნელი: ნინი შველიძე

 

თავდაპირველად, მჯეროდა, რომ კინოთეატრში სინათლის ჩაქრობა იმიჯების უკეთ დანახვაში გვეხმარებოდა. მოგვიანებით, როცა მაყურებელს ოდნავ უფრო ახლოს დავაკვირდი, სავარძელში კომფორტულად ჯდომის და ფილმის ყურებისას, გაცილებით მნიშვნელოვან მიზეზს მივხვდი: სიბნელე აიძულებს ყოველ მაყურებელს გამოეყოს სხვას და მარტო დარჩეს.  ყოველ მაყურებელს შეუძლია ერთდროულად  იყოს ერთად და ერთმანეთისგან შორსაც.

როცა მაყურებელი ფილმის სამყაროს შეიმეცნებს, თითოეული მათგანი, საკუთარი  გამოცდილების სიმდიდრიდან გამომდინარე, სწავლობს  საკუთარი სამყაროს შექმნას.

როგორც რეჟისორი, დამოკიდებული მაყურებლის შემოქმედებით ჩარევაზე,  ინტერვენციაზე ვარ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფილმი მაყურებელთან ერთად მოკვდებოდა. გამართულ სიუჟეტებს, რომელიც სრულყოფილად მუშაობს, ერთი ხარვეზი აქვს: ისინი მაყურებლისგან აუცილებელ ჩარევას მოითხოვს.

ფაქტია, ფილმები სიუჟეტის გარეშე მაყურებელში ნაკლებ პოპულარულია, თუმცა ყოველი სიუჟეტი გარკვეულ ფუღუროებს საჭიროებს, ცარიელ სივრცეებს, კროსვორდის თავსატეხის მსგავსს, სადაც აუდიტორიამ თავად უნდა ამოავსოს სიცარიელეები, როგორც კერძო დეტექტივმა ტრილერიდან, რომელსაც რაღაცები აღმოსაჩენი აქვს.

მე იმ კინოსი მჯერა, მაყურებელს მეტ დროსა და შესაძლებლობებს რომ აძლევს,  სიცარიელეების შესავსებად. მჯერა ნახევრად გადაღებული, დაუსრულებელი ფილმების, რომელიც მაყურებლის გონებაში მისი შემოქმედებითი სულის დახმარებით დასრულდება, და ასე შეემატება ასობით სხვა ფილმს.  მსგავსი კინო ეკუთვნის თვითონ მაყურებელს და დიალოგიც მის პირად სამყაროსთან აქვს.

თავის მხრივ, ნებისმიერი ნამუშევრის სამყარო, ნებისმიერი ფილმი ახალ ჭეშმარიტებას გვიყვება. ჩაბნელებულ კინოთეატრში, ჩვენ ყველას გვეძლევა ოცნებისა და ოცნებების თავისუფლად განხორციელების საშუალება. თუკი ხელოვნებას მართლაც შეუძლია რამის შეცვლა, ახალი იდეების შემოთავაზება, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების  თავისუფალი შემოქმედებითობის მეშვეობით – ჩვენ აუდიტორიის ყოველ წევრს ინდივიდუალურად მივმართავთ.

ხელოვანის გაყალბებულსა და იდეალურ სამყაროს, ასევე იმ  პერსონას  შორის, რომელსაც  ხელოვანი მიმართავს, მყარი და მუდმივი კავშირია. ხელოვნება ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს,  საკუთარი სიმართლე საკუთარ სურვილებსა და კრიტერიუმებს შეუსაბამოს; ასევე უარყოს სხვა აღიარებული ჭეშმარიტება. ხელოვნება თითოეულ შემოქმედსა და მის პირად აუდიტორიას უტოვებს შანსს, უფრო ნათლად დაინახოს ჭეშმარიტება, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანთა ტკივილსა და ვნებაში, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება.  ყოველდღიურობის შეცვლა კინორეჟისორს მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის თანამონაწილეობით შეუძლია. ეს უკანასკნელი, აქტიურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფილმი ახერხებს წინააღმდეგობებითა და კონფლიქტებით სავსე სამყაროს შექმნას, რომლის აღქმაც აუდიტორიის წევრებს შეეძლებათ. მარტივი ფორმულაა: ესაა სამყარო, რომელსაც რეალურად მივიჩნევთ, თუმცა არა სამართლიანად. ეს სამყარო არაა  ჩვენი გონების ნაყოფი და ზუსტადაც არ გვერგება, თუმცა კინემატოგრაფიული ტექნიკის მეშვეობით, ჩვენ ვქმნით სამყაროს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე ათასჯერ უფრო რეალური და სამართლიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო გვთავაზობს სამართლიანობის ყალბ გამოსახულებას, ამის საპირისპიროდ, ის ხაზს უსვამს იმ სხვაობებს, რომელიც  რეალურსა და იდეალურ სამყაროს შორის არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩვენ  იმედზე, მწუხარებასა და ვნებაზე ვლაპარაკობთ.

კინო ჩვენი ოცნებებისკენ მიმავალი ფანჯარაა, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავს უფრო მარტივად ამოვიცნობთ. ამგვარად, მიღებული ცოდნისა და ვნების დახმარებით, ჩვენს ცხოვრებას გარდავქმნით  ჩვენივე ოცნებების სასარგებლოდ.

კინოთეატრის სავარძელს ჩვენი დახმარება ანალიტიკოსის დივანზე მეტად შეუძლია. კინოთეატრის სავარძელში ყოფნისას, ჩვენივე მოწყობილობებს ვტოვებთ, იქნებ ეს ერთადერთი ადგილია,  სადაც ერთდროულად  ასე ახლოს ვართ და შორსაც: ესაა კინოს სასწაული.

გარდაუვალია, კინოხელოვნებამ მომდევნო საუკუნეში მეტი პატივი არ მიაგოს მაყურებელს, რომელიც მისი ინტელექტუალური და კონსტრუქციული ელემენტია. ამისათვის, ალბათ, საჭიროა, მაყურებლის  ერთპიროვნულ შემოქმედად აღქმაზე  უარი ვთქვათ. საკუთარი ფილმის მაყურებელი რეჟისორიც ასევე უნდა იყოს. ერთი საუკუნის მანძილზე, კინო კინორეჟისორებს ეკუთვნოდა, ვიქონიოთ იმედი, რომ შემდგომ საუკუნეში ის   მაყურებლის კუთვნილებად იქცევა.

 

წყარო: აბას ქიაროსთამი. „დაუსრულებელი კინო“. 1995წ. Sabzian (თარგმანი ინგლისურიდან).

ორიგინალი: https://www.sabzian.be/article/an-unfinished-cinema

Close Menu