ყოველდღიური ცხოვრება, როგორც საშინელებათა ფილმი

 

ჰოლივუდსა და მაყურებელს ორი რამ უნდა მივულოცოთ: გამოვიდა ფილმი და ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, ის განვითარებული კაპიტალიზმის მწერვალის ძალიან პირქუშ სახე-ხატს ქმნის, კოშმარულ სახე-ხატს, რომელსაც ზოგიერთმა კრიტიკოსმა „სოციალური საშინელებათა ფილმიც“ უწოდა. როგორც წესი, ცალკე გვაქვს სოციალური ფილმები, სადაც სოციალურ პრობლემებზე გვიამბობენ, ცალკე კი საშინელებათა კინო. ამ ორი ჟანრის გაერთიანება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მოვლენები ჩვენს ყოველდღიურობაში თავად იძენს საშინელებათა ფილმის სახეს.

კიდევ უფრო საინტერესოა ფილმით გამოწვეულ  რეაქციებზე თვალის მიდევნება, მაგალითად აშშ-ში  პოლიტიკური  დისკურსი დაიწყო. ერთი მხრივ, კონსერვატორებს ეშინოდათ, რომ ფილმი ძალადობის პროვოცირებას მოახდენდა. ეს აბსურდული ბრალდება იყო. არანაირი ძალადობრივი  გამოვლინება ფილმს არ მოჰყოლია. პირიქით, ფილმი ჩვენს გამოსაფხიზლებლად აღწერს ძალადობას და გვაჩვენებს თუ რამდენად საშიშია ის.

როგორც ყოველთვის, ყველაზე პოლიტკორექტული ხალხი წუხდა, რომ ფილმი რასისტულ კლიშეებს იყენებს და ძალადობას კულტივირებს. ესეც უსამართლო ბრალდებაა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოზიცია  მაიკლ მურმა გამოთქვა, მემარცხენე დოკუმენტალისტმა, რომელიც აღფრთოვანებით აღნიშნავდა, რომ ფილმი რეალურად და  გულწრფელად აღწერს  იმ ღარიბი ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც აშშ-ს ჯანდაცვის პროგრამის მიღმა აღმოჩდნენ.

მისი აზრით, ფილმი გვაჩვენებს თუ როგორ შეიძლება აღმოცენდეს ჯოკერის მსგავსი ფიგურა. ეს აშშ-ს რეალობის კრიტიკული პორტრეტია, რომელმაც შეიძლება ჯოკერის მსგავსი ხალხი დაბადოს. მე მას ვეთანხმები, მაგრამ უფრო შორსაც წავიდოდი.

 

„ნიჰილიზმის ჩიხი“

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ფინალში, როცა ჯოკერი თავის ნიღაბთან იდენტიფიცირებას ახდენს, ის თვითდესტრუქციული ძალადობისა და სხვათა სასოწარკვეთაზე შეშლილი სიცილის, ექსტრემალური ნიჰილიზმის განსხეულებად გვევლინება. ეს არ არის პოზიტიური პოლიტიკური პროექტი.

„ჯოკერის“ წაკითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური იმიჯის შექმნისაგან თავი შევიკავოთ. „ჯოკერის“ მემარცხენე კრიტიკა შეიძლებოდა  ასეთი ყოფილიყო: „დიახ, ეს აშშ-ს ღარიბთა, მივიწყებულთა  რეალობის კარგი პორტრეტია, მაგრამ სად არის პოზიტიური ძალა? სად არიან დემოკრატი სოციალისტები, სად არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც თვითორგანიზაციას ახდენენ ხოლმე?„

ამ შემთხვევში, ეს სრულიად სხვა და საკმაოდ მოსაწყენი ფილმი იქნებოდა.

ფილმის ლოგიკა ასეთია, რომ ამის გაკეთებას მაყურებელს ანდობს. ის სამწუხარო სოციალურ რეალობასა და ნიჰილისტური რეაქციის ჩიხს გვიჩვენებს. ბოლოს და ბოლოს, ჯოკერი თავისუფალი არაა. ის თავისუფალი მხოლოდ ნიჰილიზმის წერტილის მიღწევის თვალსაზრისით თუ შეიძლება იყოს.

ჯოკერის ფიგურას, რაღაც მხრივ, კაზიმირ მალევიჩის სტილში წავიკითხავდი, რუსი ავანგარდისტის, რომელმაც ცნობილი ნახატი, „შავი კვადრატი“ შექმნა. გარკვეულწილად, ეს მინიმალისტური პროტესტია – დაყვანილი უარყოფამდე. ჯოკერი უბრალოდ დასცინის ყველა ავტორიტეტს. დესრტუქციულია, მაგრამ დადებითი პროექტის დანაკლისს განიცდის. ჩვენ სასოწარკვეთის ეს გზა უნდა გავიაროთ.

საკმარისი არაა ძალაუფლების მქონეთა თამაშში მონაწილეობა. ეს არის „ჯოკერის“ გზავნილი. ის ფაქტი, რომ ასეთი ადამიანები შეიძლება ქველმოქმედებას ეწეოდენ, როგორც ბრიუს ვეინის მამა ამ ფილმში, ასევე თამაშის ნაწილია. მთელი ამ ლიბერალური სისულელისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომელიც ნიღბავს თუ რამდენად სასოწარმკვეთია სიტუაცია.

დიახ, ეს არ არის უკანასკნელი ნაბიჯი, მაგრამ ის წერტილია, როცა მაგიდა გავათავისუფლეთ, რომ რაიმე ახალს დავუთმოთ სივრცე. მე ასე ვკითხულობ ამ ფილმს. ეს არ არის საბოლოო დეკადენტური ხედვა. ჯერ ჯოჯოხეთი უნდა გავიაროთ. ახლა ჩვენი ჯერია, რომ უფრო შორს წავიდეთ.

სოციალური მაღვიძარა

 მხოლოდ წინარეისტორიის განმარტების საშიშროებით შეიძლება რაციონალურად ახსნა იმისა, რომ მაყურებელს ჯოკერის პერსონაჟის უნდა ესმოდეს. მაგრამ ჯოკერს ეს არ სჭირდება. გარკვეულწილად ის შემოქმედებითი ადამიანია. ფილმში გადამწყვეტი მომენტი, მისი პერსონაჟის სუბიექტური ცვლილებისათვის, მაშინ დგება, როდესაც ამბობს: „ვფიქრობდი, – ჩემი ცხოვრება ტრაგედიაა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის კომედიაა“.

ჩემთვის, კომედია იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეულ ეტაპზე, ჯოკერი, როგორც კომიკური ფიგურა, საკუთარ თავს მთელი მისი იმედგაცრუებებით ღებულობს და ძველი სამყაროს შეზღუდვებისაგან თავისუფლდება. ესაა, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ის არ არის მისაბაძი პერსონა. არასწორია ვიფიქროთ, რომ ფილმის დასასრულს ნანახი – ჯოკერი, გაღმერთებული სხვების მიერ – ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისია. არა, ეს არსებული სისტემის საბოლოო ჩიხია; საზოგადოება, რომელიც თვითგანადგურებისკენ მიისწრაფვის.

ფილმის ხიბლი ისაა, რომ ის პოზიტიური ალტერნატივის შექმნის შესაძლებლობას ჩვენთვის ტოვებს. „ჯოკერი“ ბნელი ნიჰილისტური სურათია, რომელიც ჩვენს გამოღვიძებას ცდილობს.

 

მზად ვართ თვალი გავუსწოროთ რეალობას?

 „ჯოკერისაგან“ შეწუხებული მემარცხენეები, „ფუკუიამა[1] მემარცხენეები“ არიან; ისინი, ვინც თვლის, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგი საუკეთესო შესაძლო მოცემულობაა და ჩვენ ის მეტად ტოლერანტული უნდა გავხადოთ. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველა სოციალისტია; ბილ გეითსი ამბობს, რომ სოციალიზმის მომხრეა, მარკ ცუკერბერგიც იმავეს იმეორებს – ისიც სოციალიზმის მხარესაა.

„ჯოკერის“ გაკვეთილი გვასწავლის, რომ მიმდინარე ცვლილებები საკმარისი არ არის და უფრო რადიკალური ძვრებია საჭირო. რაც ყველა დემოკრატმა მემარცხენემ არ იცის. დღესდღეობით, გაზრდილი უკმაყოფილება იმდენად სერიოზულია, რომ არსებული სისტემა თანმიმდევრული რეფორმებით, მეტი ტოლერანტობითა თუ უკეთესი ჯანდაცვით, მას ვერ გაუმკლავდება.

ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ უფრო რადიკალური ცვლილებებია საჭირო.

ნამდვილი პრობლემა ისაა, ვართ თუ არა მზად, ჩვენი მდგომარეობის უიმედობის გასაცნობიერებლად. როგორც თავად ჯოკერი ამბობს ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში: „ვიცინი, რადგან არაფერი მაქვს დასაკარგი, არარაობა ვარ“.

რეჟისორი ჭკვიანურად გვეთამაშება სახელითაც. ჯოკერის ნამდვილი გვარი ფლექია. ფლექი გერმანულად ნიშნავს ლაქას, უმნიშვნელო ლაქას. ეს ანამორფოზის მსგავსია. განსხვავებული ხედვაა საჭირო ახალი პერსპექტივის დასანახად.

არ ვენდობი არცერთ მემარცხენე კრიტიკოსს, ვინც „ჯოკერის“ პოტენციალით შეშინდება. როგორც მურმა ძალიან ლამაზად თქვა, შენ ფილმში არსებული ძალადობის გეშინია და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ძალმომრეობის. ეკრანზე ასახული ძალადობისგან მიღებული შოკი კი, მხოლოდ რეალურად არსებული ძალადობისგან გაქცევაა.

 

[1] ამერიკელი (წარმოშობით იაპონელი) პოლიტოლოგი და ეკონიმისტი, ვის სახელსაც ხშირად ნეოკონსერვატიული მოძრაობის აღმასვლას უკავშირებენ.

 

მთარგმნელები: Bonnie and Clyde

წყარო: www.rt.com

Close Menu