თარგმანი: ლევან აბდუშელიშვილი

 

უილიამ ფრედკინი: მისტერ ლანგ, გთხოვთ დეტალურად გაიხსენოთ ის დღე, როდესაც  გიობელსმა დაგიბარათ პროპაგანდის სამინისტროში და ნაცისტური კინოს მთავარი რეჟისორობა შემოგთავაზათ.

ფრიც ლანგი: ეს ძალიან გრძელი ისტორიაა…

ფრედკინი: იმედი მაქვს!

ლანგი: იმ დროისათვის ახალი დასრულებული მქონდა ფილმი “დოქტორ მაბუზეს აღთქმა”/Das Testament des Dr. Mabuse (1933) და “დოქტორ მაბუზეს უკანასკნელი სურვილი”/Le Testamens du Dr. Mabuse (1933)[1] -. სურათი გვიყვება შეშლილ ექიმზე, რომელსაც ჰიპნოზის უნარი გააჩნია. ფილმში მრავლადაა გამოყენებული ნაცისტური სლოგანები და ქვეტექსტები, რომლებიც რა თქმა უნდა ფაშისტებისათვის ყოვლად მიუღებელი გახლდათ.
ყვითელმაისურიანები მოვიდნენ ჩემთან ( იმ დროისათვის მათ არ ეცვათ შავი მაისურები) და კატეგორიულად განმიცხადეს: ‘’ მისტერ გიობელსი აუცილებლად მოახდენს თქვენი ფილმის კონფისკაციას !’’
მე გავყოყოჩდი და ქედმაღლურად განვუცხადე: ‘’თუ გგონიათ, რომ გეყოფათ სიმამაცე და ფრიც ლანგის ფილმს ბერლინის კინოფესტივალიდან მოხსნით, მაშინ კი ბატონო, სცადეთ’’!
მათ ეს მართლაც მოახერხეს…
გავიდა გარკვეული დრო და ერთ დღესაც დამიბარეს პროპაგანდის სამინისტროში, თვით   გიობელსი მიბარებდა.
მე მართლაც წავედი გიობელსთან შესახვედრად, რა თქმა უნდა ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მახსოვს, შესასვლელში დიდი მერხი იდგა, სადაც ოთხი ყვითელმაისურიანი იჯდა. მათ მკითხეს, რა გნებავთო.  ვუთხარი, რომ პროპაგანდის მინისტრის კაბინეტში ვიყავი დაპატიჟებული (კარგი, დავარქვათ დაპატიჟება, ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს). მათ მიმასწავლეს გზა გიობელსის კაბინეტამდე. მახსოვს გრძელი, დაუსრულებელი დერეფანი, ცარიელი კედლები, ფანჯრები, რომლებიც იმ სიმაღლეზე იყო განლაგებული, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი ყოფილიყო მასთან მიახლოვება.
მე მივდიოდი, მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. გამძაფრებულად ჩამესმოდა საკუთარი ნაბიჯების ხმა. გავივლიდი ერთ დერეფანს და  იქ ახალი შეიარაღებული ყვითელმაისურიანები მხვდებოდნენ. ასე დაახლოებით შვიდჯერ განმეორდა. ბოლოს როგორც იქნა მივედი გიობელსის კაბინეტამდე და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. დამეკაკუნებინა ?! – ამ დროს ვიღაც აღებს კაბინეტის კარს და მეპატიჟება შიგნით, სხვათაშორის საკმაოდ თავაზიანად.
წარმოუდგენლად დიდი კაბინეტი იყო. გიობელსი მერხთან იჯდა, ბოლოში, ჩემგან ძალიან ძალიან შორს. მას ეცვა შავი შარვალი და ყვითელ-მწვანე მაისური.
რაც  უნდა ირონიულად ჟღერდეს, მომეჩვენა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. ხელი გამომიწოდა და თავაზიანად მთხოვა, დავმჯდარიყავი.
ვიცოდი და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი საუბარს ‘’დოქტორი მაბუზეთი’’ დაიწყებდა და შეეხებოდა იმ სლოგანებს, რომელსაც ჩემი ფილმის  მთავარი გმირი წარმოთქვამს.

ფრედკინი: ხომ არ გახსოვთ ის სლოგანები ? ერთ-ერთი მაინც…

ლანგი: ჰიტლერი ამბობდა: ‘’ჩვენ არ გვჭირდება ავტორიტეტები!- ისინი უნდა განადგურდნენ. მხოლოდ ასე შევძლებთ საუკუნოვანი, ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნას’’.
მაბუზეც თითქმის იგივეს ამბობდა: ‘’გავანადგუროთ ავტორიტეტები და შევქმნათ მრავალსაუკუნოვანი კრიმინალის იმპერია’’.
ამგვარად, მე ველოდი, რომ მინისტრი ამის შესახებ მეტყოდა რაიმეს, თუმცა მას სიტყვაც კი არ დასცდენია ამ თემაზე.
და უეცრად, გიობელსმა მითხრა: ‘’ ფიურერმა ნახა თქვენი ფილმები ( გიობელსს არ უთქვამს, რომელ ფილმებს გულისხმობდა) და განაცხადა, რომ სწორედ თქვენ იყავით ის კაცი, ვისაც უნდა გადაეღო ფილმები ნაციონალ-სოციალისტების შესახებ’’.
გამოგიტყდებით, ამ დროს ვიგრძენი, თუ როგორ დამისველდა მთელი სხეული, წარმოუდგენელი სასოწარკვეთა დამეუფლა და ვერც კი აღგიწერთ, თუ რას ვგრძნობდი შინაგანად.
ინსტინქტურად ფანჯარას გავხედე და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოვცილებოდი  დაუყოვნებლივ იქაურობას.
სიმართლე გითხრათ, მართლა არ მახსოვს, იმ წუთას რა ვუთხარი გიობელსს, თუმცა მახსოვს, რომ ძალიან გავამხიარულე.

ფრედკინი: დედათქვენის შესახებ ხომ არ გითქვამთ რაიმე ?

ფრიც ლანგი: მოითმინეთ. მოკლედ გავამხიარულე. ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, მე კი ვაკვირდებოდი მისი ხელების ნერვულ მოძრაობას და ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა, იყო ის, თუ როგორ გამოვქცეულიყავი იქიდან, მივსულიყავი ბანკში, გამომეტანა ფული და სასწრაფოდ დამეტოვებინა გერმანია.
როდესაც გიობელსმა საუბარი დაასრულა, რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს კი ვიხელთე დრო და განვუცხადე: ‘’ბატონო მინისტრო, იცით თუ არა, რომ დედაჩემის ნათესავები ებრაელები იყვნენ ?’’
გიობელსმა კი მიპასუხა: ‘’პატივცემულო ლანგ, ჩვენ ვწყვეტთ იმას, თუ ვინ არის არიელი და ვინ ებრაელი…’’
ამ დროს მივხვდი, რომ დამერხა, ყველანაირი გზა მოჭრილი მქონდა.
მან კი განაგრძო: ‘’ჩვენ გვინდა, რომ სათავეში ჩაუდგეთ ახალ გერმანულ კინოს’’.

ფრედკინი: რომელ წელს მოხდა ეს ამბავი, ხომ არ გახსოვთ?

ლანგი:  ოცდაცამეტში. ოცდაცამეტის დასაწყისში, მარტის ბოლოს თუ არ ვცდები. გიობელსმა მითხრა, რომ მისი მფარველობის ქვეშ ვიქნებოდი, თითსაც კი ვერავინ დამაკარებდა და გავხდებოდი ყველაზე გავლენიანი გერმანელი რეჟისორი.

ფრედკინი: და თქვენ რა უპასუხეთ ?

ლანგი: უკვე გითხარით, რომ ერთადერთი რაზეც იმ წუთს ვფიქრობდი, იქიდან გაქცევა იყო. რა უნდა მეთქვა ? – არ მინდოდა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრა. დროის გასაყვანად რაღაც უაზრობების ლაპარაკი დავიწყე.
და უეცრად გიობელსმა “დოქტორი მაბუზე” ახსენა.  მახსოვს კვლავ ფანჯრისკენ გავიხედე და დავინახე უზარმაზარი კედლის საათი. გამახსენდა, რომ ბანკები ექვსზე იკეტებოდა.
გიობელსი კი ჯერ არ აპირებდა საუბრის დასრულებას. მაბუზეზე მეკითხებოდა რაღაცეებს, რამდენიმე სცენის შეცვლას მთავაზობდა, მე კი თავს ვუქნევდი და ვეუბნებოდი, რომ შესანიშნავი იდეა იყო!
ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულა თავისი ენაწყლიანი მონოლოგი, ზრდილობიანად დამემშვიდობა და მითხრა: ‘’ ხვალ ან ზეგ დაგირეკავ, დაელოდე ჩემს ზარს’’.
დიდი სიამოვნებით, დიდი პატივისცემით, ბლა-ბლა-ბლა და გამოვედი მისი კაბინეტიდან.
სასწრაფოდ გავეშურე ბანკისკენ, თუმცა დაკეტილი დამხვდა. რას ვიზამდი, სახლში წავედი.
მივედი სახლში და ჩემს მსახურს ვეუბნები: ‘’ჰანს, ( ის პოლონელი იყო ) არ მგონია, აწი გერმანიაში რაიმე სამსახური ვიშოვნო’’. იმ დროისათვის ხშირად მიწევდა ფრანგებთან და  ბრიტანელებთან თანამშრომლობა და ამიტომაც, საბედნიეროდ, მე მქონდა პასპორტი, რომლითაც შემეძლო ქვეყნის დატოვება.
მსახურს ვუთხარი, რომ აეღო დიდი ჩემოდანი და ჩაელაგებინა ყველაფერი, რაც დაახლოებით ერთი თვის ან თვენახევრის მანძილზე დამჭირდებოდა.
5000 დოლარი მქონდა. მახსოვს მაშინ ათასი დოლარი, ათას ოთხას მარკას შეადგენდა.
მოკლედ ავიღე ეს ფული, ჩავიდე ჯიბეში, გავიხედე ფანჯარაში და რას ვხედავ… მთელი ქუჩა ყვითელ უნიფორმიანი ნაცისტებითაა გარშემორტყმული.
უცბად გავიფიქრე: ‘’აჰაა, მისტერ გიობელსი არ მენდობა’’.
გადავწყვიტე, მეგობარ გოგონასთან მივსულიყავი. მე მას განვუცხადე: ‘’შენ ებრაელი კაცისგან ორი შვილი გააჩინე, თუმცა შენ შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. სასწრაფოდ უნდა დავტოვო ეს ქვეყანა. მომეცი შენი ძვირფასეულობის გარკვეული ნაწილი და წავალ’’.
რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმაო რაოდენობის ფული დამჭირდებოდა. მოკლედ, მან მომცა ძვირფასეულობა.
მახსოვს, სახლში რომ დავბრუნდი, რვას აკლდა ხუთი წუთი.
ჩემი მსახური აფორიაქებული დადიოდა ოთახიდან ოთახში. როცა დამინახა, ოდნავ დამშვიდდა. დამამშვიდებელი აბები დამალევინა და ავტომანქანისკენ გამიძღვა. ჩავჯექი მანქანაში და დავპირდი, რომ აუცილებლად დავურეკავდი ან წერილს მივწერდი, როდესაც სამშვიდობოს ვიქნებოდი.

ფრედკინი:  ერთი წუთით, და ამ დროს სად იყვნენ ის ყვითელმაისურიანები?

ლანგი:  ეს ფანდი იყო…

ფრედკინი: ალბათ თქვენ ამას მრავალი წლის შემდეგ მიხვდით.

ლანგი:  არა! – როცა სახლიდან გამოვედი ისინი მთელი ქუჩის გასწვრივ იყვნენ განლაგებულნი. მათ მე არ ვაინტერესებდი, მხოლოდ ჩემი შეშინება სურდათ. ფიქრობდნენ, რომ ვერ გავბედავდი გაქცევას და უბრალოდ გამიშვეს.

ფრედკინი:  ესე იგი, თქვენ უბრალოდ გამოხვედით სახლიდან, ჩაჯექით მანქანაში და წახვედით…

ლანგი: დიახ, ასე უბრალოდ წამოვედი. მატარებლის სადგურისკენ გავეშურე. ვიცოდი, რომ ბელგიამდე დაახლოებით საანთნახევრის გზა იქნებოდა, გზაში კი ინსპექცია ამოვიდოდა ჩემოდნების შესამოწმებლად.
მოკლედ, ავედი მატარებელში, შევედი ჩემს კუპეში და ვცდილობდი, რაიმე კარგზე მეფიქრა.
გადის გარკვეული დრო და ყვითელმაისურიანები ამოდიან ვაგონში, მესმის შეძახილები: ‘’გააღეთ კარი, პასპორტის კონტროლი! ‘’. ჩემამდე მოსასვლელად რამდენიმე კუპე უნდა შეემოწმებინათ. მესმის მათი ფეხის ნაბიჯების ხმა და ვხვდები, რომ ჩემამდე მოსასვლელად ერთი კუპეღა დარჩათ.
ამ დროს საწოლში ვიწექი და გამახსენდა, რას ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს მსახიობებს: ‘’თუ გინდათ, კარგი  თამაში გამოგივიდეთ, მთელი გულით აკეთეთ თქვენი საქმე’’- ხოდა ხვრინვა ამოვუშვი… რა თქმა უნდა, არ ჩამძინებია. ამასობაში კი გარედან მესმის ხმა: ‘’გმადლობთ, შეგიძლიათ დაკეტოთ კარი’’. შემდეგი ჩემი კუპეა… ველოდები, როდის დააკაკუნებენ ან პირდაპირ შემოამტვრევენ კარს, მაგრამ არ დააკაკუნეს, უბრალოდ ჩაიარეს.
გეფიცებით, დღემდე არ ვიცი, რატომ არ დამიკაკუნეს იმ ღამეს… ყველა შეამოწმეს ჩემს გარდა.
მოკლედ, მეორე დღეს წავედი საიუველირო მაღაზიაში, დავაგირავე ძვირფასეულობა,  გავანაღდე ფული და გავემგზავრე პარიზში.

ფრედკინი:  როგორ მოხვდით კინემატოგრაფში? მე ვიცი, რომ თქვენ მხატვარი იყავით.

ლანგი: მე ყოველთვის მოძრავი სურათებით ვიყავი შეპყრობილი. ერთ დღეს კი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბანკში მუშაობდა, მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა, ერთობლივად დაგვეწერა კინოსცენარები. მოკლედ ასე შევთანხმდით. მე დავწერდი სცენარებს, ის კი გაყიდიდა. მართლაც გავყიდეთ რამდენიმე სცენარი და შემდეგ ომში წავედი. იქ რამდენიმეჯერ დამჭრეს.
იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანი აღარ ვიყავი, 1918 წელს ვენაში დავბრუნდი.
შემდეგ იყო თეატრი. პიტერ ოსტერმაიერი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მასთან მეთანამშრომლა.
ერთ-ერთი წარმატებული თეატრალური დადგმის შემდეგ ერიხ პომერი გავიცანი.
პომერი კინოკომპანია ‘’დეკლა-ფილმის’’ ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი გახლდათ და სწორედ მან შემომთავაზა კონტრაქტი, რომლის მეშვეობითაც მოძრავი სურათების ანუ კინოს გადაღების საშუალება მომეცემოდა.

 

[1] “დოქტორ მაბუზეს აღთქმის” ფრანგული ვერსია, რომელიც ფრიც ლანგმა თავად გადაიღო იმავე წელს (მთარგმნელის შენიშვნა)

 

მეორე ნაწილი

Close Menu