ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი

 

2018 წლის კანის კინოფესტივალზე „პალმის რტო“ წილად ხვდა იაპონელ რეჟისორს, ჰირუკაძუ კორეედას. ფილმში „წვრილმანი მძარცველები“, რეჟისორი თანამედროვე იაპონიის დაბალი ფენის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას, „ყველაზე იაპონელი რეჟისორის“, იასუძირო ოძუსათვის დამახასიათებელ სტილში აღწერს. ამავე ფესტივალზე, კრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება (FIPRESCI) ერთსულოვნად გადასცემს ჯილდოს კვლავ აზიურ, სამხრეთ კორეულ ფილმს, „ალმოდებული“. რეჟისორი ლი ჩან-დონი ორი სხვადასხვა საზოგადოებრივი კლასის იდუმალი დაპირისპირების ფონზე, შეუდარებელ, უაღრესად კინემატოგრაფიულ ფილმს ქმნის.

როგორც ჩანს, აზიური კინოს დომინაცია კანში გრძელდება – ერთი წლის შემდეგ კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი, კვლავ აზიური, ამჯერად სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“ ხდება. სიუჟეტი „წვრილმანი მძარცველების“ მსგავსია, რეჟისორი ჯუნ-ჰო ბონგი ნარატივს დაბალი სოციალური კლასის ოჯახის ირგვლივ აგებს, თუმცა ამ შემთხვევაში, სოციალურ ფენებს შორის არსებული უფსკრულის უკეთ წარმოსაჩენად, ამბავში განსხვავებული კლასის ოჯახიც ერთვება.

“პარაზიტს” სამაგალითო ნიმუშად ჟანრული ეკლექტიკა აქცევს; სოციალური რეალიზმის პოეტურ კინოსთან შეზავებითა და სასპენსის ელემენტების შერწყმით,  ჯუნ-ჰო ბონგი თანამედროვე აზიური კინოს ერთგვარ ტრაგიკომიკურ პარადიგმას ქმნის. „პარაზიტი“ არ არის სიუჟეტურ წიაღსვლებსა და პოლიტური გზავნილებით სავსე სცენარზე კონსტრუირებული ფილმი. ბონგი არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს კინემატოგრაფიულ ექსპრესიას, ვიდრე ფაბულასა თუ ფილმის დრამატურგიულ მხარეს.

ნიშანდობლივია, როგორ აღწერს გარემოებებს კორეელი რეჟისორი. ოსტატური რეჟისურის წყალობით მაყურებელი ფილმში მაქსიმალურად ობიექტური თვალით დანახული კლასობრივი დაპირისპირების მომსწრე ხდება. „პარაზიტი“ არ გამოკვეთს რეჟისორის მკაფიო პოზიციას, რომელიც შეიძლება დაბალი სოციალური ფენის ოჯახს უთანაგრძნობდეს, ანტაგონისტ, მაღალი ფენის ოჯახს კი აკრიტიკებდეს. მეტიც, სხვადასხვა კლასის ოჯახების ურთიერთდაპირისპირების ფონზე, მაშინ, როდესაც სიუჟეტური განვითარება კულმინაციას აღწევს, დაბალი ფენის ოჯახების ერთმანეთისადმი აპათიური დამოკიდებულებაც ხაზგასმითაა ნაჩვენები.

“პარაზიტი” რეფლექსირებს თავისთავად არსებულ გარემოზე, რომელიც მრავალმა ლოკალურმა პრობლემამ თუ გლობალურმა კონტექსტებმა განაპირობა. „ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა კაპიტალიზმი განაგებს წესრიგს და არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არ ხდება მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მთელი მსოფლიო ამ ვითარებაშია და კაპიტალისტური დოგმების იგნორირება ვერ ხდება“ – ამბობს რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში და იმ სისტემის კრიტიკულ სახეს აჩვენებს, რომელიც საზოგადოებას პირველ რიგში კლასებად ანაწევრებს, შემდეგ კი დაყოფილი კლასების უკიდურეს პოლარიზებას ახდენს.

თავდაპირველად, „პარაზიტი“ სწორედ ასეთი სისტემის მსხვერპლს წარმოგვიჩენს – მეტად მოქნილი ოპერატურის ხარჯზე (კიუნ-პიუ ჰონგი), მაყურებელს საშუალება აქვს კი-ტაეკის ოჯახის ცხოვრება კლაუსტროფობიულ, სანახევროდ სარდაფის მსგავს ბინაში იხილოს. ოჯახში ბევრი იმედგაცრუებაა, მამა გაკოტრებულია, ძმა კი რამდენჯერმე ჩაიჭრა საუნივერსიტეტო გამოცდებში. რა უნდა ქნას ასეთ მგომარეობაში მყოფმა ოჯახმა, როდესაც სამხრეთ კორეაში დაცვის სამსახურის თანამშრომლის ერთ ვაკანსიაზე 500 სტუდენტი მოდის? ჯუნ ჰო-ბონგი თანამედროვე კორეელი ხალხის შიშველ სურათს გლობალური თუ ადგილობრივი სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით აღწერს. ფილმის მიმდინარეობისას, უფრო და უფრო იკვეთება ორ ოჯახს შორის კონტრასტი; შესადარებლად, მისტერ პარკის ოჯახი კონსიუმერულ საზოგადოებას წარმოადგენს და სრულად აკმაყოფილებს თანემდროვე კაპიტალისტური სისტემის მიერ ჩამოყალიბებულ დოგმებს: ცხოვრობს დიდ სახლში, ყავს დაქირავებული მომსახურე პერსონალი, რომლებსაც რეკომენდაციების ხარჯზე თვალდახუჭული ენდობა, ფეხის გადაბრუნების შემთხვევაში კი, მოგონილი მიზეზებით ათავისუფლებს. თუკი „პარაზიტში“ წარმოჩენილი ერთი ოჯახი გადარჩენისათვის იბრძვის, მეორე ოჯახი უზრუნველად, ბედნიერად ცხოვრობს. როგორ შეიძლება ერთმანეთისგან ასე დაშორებული ოჯახები დაკავშირდნენ?

რეჟისორი გონივრულ ხერხს მიმართავს და სიუჟეტის გასამწვავებლად პარკების სახლს კი-ტაეკის ოჯახის წევრებით ავსებს. კი-ვუ პარკების ოჯახში რეპეტიტორად იწყებს მუშაობას. არსებითად მნიშვნელოვანი და ამასთანავე ირონიულია, რომ პერსონაჟი, რომელიც მაღალი ფენის საზოგადოებაში უბედურებას შეიტანს, ინგლისურის მასწავლებელია. ეს მაღალი კლასის დასახასიათებელი ხერხია. იღებენ რა კარგ განათლებას ბავშვობიდანვე, ისინი სწავლას, როგორც წესი, ამერიკულ-ბრიტანულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ, რაც მათი კარიერისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. მათთვის ინგლისური ენა წარმატებულობის და შესაბამისად, აღმატებულობის ენაა, როგორც ჩვენთანაც ინერგება თანდათან, თავის დროზე რუსულად ჩაკვეხებულ ფრაზებსა თუ სიტყვებს, ამჯერად ინგლისური ანაცვლებს. ამ თემაზე მღერის ერთი აზიური ფილმიც, თანამედროვე ჩინელი რეჟისორის, ჯია ჯანკეს „Mountains May Depart“. მისტერ პარკის ოჯახში დასაქმებულ და-ძმას, თითქოს მათი კორეული სახელები საკმარისი არ იყოს, ინგლისურ მეტსახელებსაც მოუფიქრებენ. სარდაფში მცხოვრები უმუშევარი კი-ვუ და კი-ჯუნი, დასაქმების შემდეგ, უკვე კევინისა და ჯესიკას მეტსახელებით წარმოგვიდგებიან.

თუკი ფილმის პირველი ნახევარი დაბალი ფენის საზოგადების საცხოვრებელ გარემოს აღწერს, მეორე ნახევარში მოქმედება ინაცვლებს პარკების სახლში. მათი უზარმაზარი, მდიდრული სახლი ერთგვარ თეატრალურ სცენად ფიქსირდება, სადაც მოვლენები აბსურდული ფორმით ჰპოვებენ განვითარებას. კი-ტაეკის ოჯახის წევრები მოხიბლულნი ჩანან „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლით“ და რიგ გეგმებს აწყობენ. სიტუაცია მწვავდება, მით უფრო მას შემდეგ, რაც სხვის სახლში მარტო დარჩებიან. ამ ეპიზოდიდან, რეჟისორი აუდიტორიაზე მანიპულირებს; ერთი შეხედვით, ყველაფერი  ლაშქრობაში წასული პარკების ნაადრევად დაბრუნებას მოასწავებს, მაგრამ ბონგი ნარატივს სხვაგვარად, უფრო არასწორხაზოვნად ავითარებს. ამბავს ემატება კიდევ ერთი უბედური ოჯახი, რომელიც მევალეებს პარკების სახლის სარდაფში (რომლის შესახებ მათ არ იციან) ემალება. თითქოს ჩნდება კვანძი, რომელიც უნდა გაიხსნას, თუმცა ფილმში აღწერილი მოვლენები იხლართება, იქმნება კაფკიანური ატმოსფერო, რომელიც ნამუშევარს ტრაგიკული დასასრულის ნიადაგს უმზადებს, თუმცა დასასრულს, ფილმის ფინალში სიმბოლურ მასკარადად გარდაიქმნება.

საბოლოოდ, „პარაზიტი“ რეალობასთან მიახლოებული პესიმისტური ნოტებით მთავრდება. კი-ვუ დედასთან ერთად ძველ საცხოვრებელს უბრუნდება, კი-ტაეკი მალულად დიდი სახლის სარდაფში დაიდებს ბინას. განვითარებული მოვლენების შედეგად, ორივე ოჯახი კარგავს წევრს, თუმცა არაფერი იცვლება, დიდი სახლის პატრონის გარდა. თითქოს, ყველაფერი ცირკულირებს; კი-ვუ კლავ ოცნებობს გამდიდრებაზე, რაც მამის “კაპიტალისტური საყრობილიდან“ დახსნის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია.

ფილმის ცენტრალური თემა, რა თქმა უნდა, კლასობრივი უთანასწორობაა, თუმცა „პარაზიტის“ ღირსება მის მიერ დასმულ პერიფერიულ კითხვებშიც მდგომარეობს. ჯუნ-ჰო ბონგი არ ტრიალებს მხოლოდ ცენტრალური თემის ირგვლივ, ადარებს რა, სოციალურ ქსელში ტექსტის გასაგზავნ და ატომური ბომბის გამშვებ ღილაკებს, ზომიერი ირონიითა თუ სარკაზმით, ცდილობს, ტექნოლოგიური პროგრესიის უარყოფითი შედეგებიც გვიჩვენოს, რაც კაპიტალური წყობილების განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი პერსონაჟის მეშვეობით კი, ჩრდილო კორეის დიქტატორსაც გაჰკრავს კბილს.

Close Menu