ავტორი: ნინი შველიძე

 

თითქმის 400,000 წლის უკან დედამიწის ერთ-ერთი პირველი „კადრზე მონადირე“ შოვეს გამოქვაბულში მეხსიერების „მაგნიტურ ფირს“  ჩართავს.

ამ ფირის პირველ კადრს მომავლის ადამიანი მხოლოდ საუკუნეების შემდეგ, მეოცე საუკუნის მიწურულს (1994წ) აღმოაჩენს, როცა შოვეს გამოქვაბულის (საფრანგეთი) კედლებზე შერჩენილ ბიზონებისა და მამონტების, ცხენებისა და ირმების, ჯიხვებისა და ხარების  გამოსახულებებს ე.გ „პალეოკინოს“ (ვერნერ ჰერცოგი) ნახავს.  ნახავს ქვის ხანის მხატვრების პირველ ანაბეჭდსაც, შავად და წითლად შეფერილი ხელების, ადამიანის მარადიული მარტოობის კვალს.

ალბათ, შემთხვევითი არ იქნება თუ პალეოლითის ხანის  შამანები  მარადიული სიცოცხლის მადლს საკუთარი მსხვერპლისთვის გაიღებენ. ისტორიის დიდი ტკივილის წიაღში ისინიც შეინახავენ ინდივიდუალური მეხსიერების ტკივილის კვალს, რომელშიც დამარცხებულთა ამბები დასავიწყებლად განწირულ სიზმრებს ჰგავს.

თუმცა შოვე პალეოლითის ნახატების გარდა სხვათა ხსოვნასაც შეინახავს, შეინახავს  12 წლის ბიჭისა და მგლის კვალს, რომლებიც გამოქვაბულის კედლებზე ვერასოდეს მოხვდებიან.

საუკუნეების შემდეგ, მომავლის ადამიანები  ამ „ბავშვის ისტორიას უკვე ვეღარ აღადგენენ,  ვერასოდეს გაიგებენ ეს ისტორია მტრობის იყო თუ წარმოუდგენელი  მეგობრობის” („დავიწყებული სიზმრების გამოქვაბული”, ვერნერ ჰერცოგი, 2010წ).

შემთხვევითი არ იქნება, რომ  მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, იმავე საფრანგეთში, სადაც მომავალში  შოვეს გამოქვაბულს იპოვიან, სულ სხვა დროის კადრზე მონადირეები (ლუმიერები), სულ სხვა დროის მსხვერპლებს (მუშებს), ფირზე ჩაწერით აჩუქებენ მარადიულ სიცოცხლეს, კინოს დაბადების პირველსავე წელს კი კინოეკრანზე გაგვიცოცხლებენ ბავშვებს, როგორც ძველი, დავიწყებული სიზმრების ანარეკლს.

მომავალში იმ ბავშვთა ისტორიას, რომელიც შესაძლოა, ჰგავდეს კიდეც პალეოლითის ხანის ბავშვისას კინოში ფეხდაფეხ გაჰყვებიან. ეს ისტორიები „ჩვეულებრივ“ ბავშვებს შეეხება, ბავშვებს, დავიწყებულ სიზმრებს, რომელთაგან  მომავლის ადამიანს შესაძლოა  მხოლოდ მკრთალი ნაკვალევი დარჩენოდა.

 

კინო, ბავშვები- ცრემლი და სამხილი

                                                         „ყველა ამ სახის უკან იმალება მეხსიერება“ კრის მარკერი

 

კინო და ბავშვები ერთმანეთს პირველად 1895 წელს დაუკავშირდება, როცა კინოს ისტორიის მთავარი ფრანგი ძმები  ლიონში  ოჯახური სადილობის სცენას თითქმის 1 წუთიან დოკუმენტურ ფილმად აქცევენ. ფილმი „ბავშვი სადილობს“ მომავალს ოგიუსტ და მარგარეტ ლუმიერების გარდა,  მათი ჩვილის, ანდრე ლუმიერის გამოსახულებებსაც შეუნახავს (24 წლის ანდრე ლუმიერს H1N1 ვირუსი შეიწირავს). შეუნახავს იმ უზარმაზარი ყურადღების, მზრუნველობის კვალსაც, რომელიც დედამიწის ზურგზე არაერთ ბავშვს გემრიელი სადილივით დააკლდება.

დააკლდება 1895 წელსვე ლუმიერების მიერ გადაღებულ ლიონელ „ქუჩის ბავშვებს“, რომელთა დახეული ტანსაცმელი, იქცევა სიმბოლოდ „მეხსიერების, როგორც კონტრასტების მიწის“ (კრის მარკერი).

ლუმიერების კინოკამერის პარალელურად, რომელიც ბავშვებს პირველად აირეკლავს, მაგიის ოსტატი, ჟორჟ მელიესი კინოს პირველად გადაიღებს ბავშვებისთვის. მელიესი, კინოს ისტორიის პირველი ბავშვი, ზღაპრული, სრულიად მაგიური ცხოვრებით, მომავალში ბავშვ მაყურებელს აჩუქებს ყველაფერს (ატრაქციონებს, ზღაპრებს, ილუზიებს),  რასაც თვითონ ვერასოდეს დაივიწყებს. მელიესი აჩუქებს ბავშვებს „კონკიას“ პირველ ეკრანიზაციასაც, რასაც მოგვიანებით კინოში არაერთხელ ეცდებიან. შემთხვევითი არ იქნება, რომ 1902 წელს ფილმით „მთვარეზე მოგზაურობა“, საბავშვო მწერლით, ჟიულ ვერნით შთაგონებული, მელიესივე შეძლებს კინოეკრანის წინ მსხდომი მაყურებელი თავად აქციოს ბავშვად, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში ფეხს მთვარეზე აიდგამს.

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში კინოში სულ სხვა ბავშვები გაჩნდებიან, სოციალური უპასუხისმგებლობის ბავშვები, რომელთაც სიცოცხლეც დამოკიდებული სხვათა, უცხოთა სიკეთეზე იქნება. ალბათ, ეს ბავშვები თეატრში „ქანდარის შვილები“  იქნებოდნენ,  ბოლო რიგების ბავშვები.

1914 წელს „ბოლო რიგებიდან“ დაწინაურებას  კინოს ისტორიის ყველაზე დატანჯული, ყველაზე ექსპლუატირებული  ბავშვიც შეძლებს, ჩარლზ ჩაპლინი,  რომლის პირადი მეხსიერებაც ერთად  შეინახავს მემკვიდრეობით მიღებული სიღარიბის, შიმშილისა და სიცივის კვალს. ეს კვალი (ცირკის, ბავშვთა სახლის, ფსიქიატრიული საავადმყოფოსი)  მოგვიანებით დააჩნდება მისი კინოს მთავარ მაწანწალას, ხელჯოხიანს, ცილინდრიანს, რომლის ისტორიაც ცხვირწინ  „მიხურული კარის ამბავს“ (პედრუ კოშტა) ჰგავს. დააჩნდება, ზოგადად, ჩაპლინის მთელს „ქუჩის კინოს“, როგორც მთავარ ხაზს მის ფილმებში, ისევე უცვლელს, როგორც ჩარლის მთავარი პრინციპია: „იმდენი ცრემლი რამდენიც სიცილი“.

შემთხვევითი არ იქნება თუ  1921 წელს, ფილმით „ბავშვი“, სწორედ ჩარლი შეძლებს, კინოს ისტორიის „პირველი ბავშვი ვარსკვლავის“ დაბადებას. 1984 წელს New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  ჩაპლინი შექმნის ბავშვის შრომის ანაზღაურების სამართლიან პრეცედენტსაც , როცა 4 წლის  ჯეკი კუგანს კვირაში 75, ფილმის დასრულების  შემდეგ კი 5,000 დოლარს გადაუხდის (21 წლის კუგანი აღმოაჩენს, რომ ქონება მშობლებმა გაუფლანგეს, „კუგანის კანონი“ კალიფორნიაში ბავშვთა ინტელექტუალურ საკუთრებას დღემდე იცავს).

მაყურებელი გულგრილად ვერ შეხვდება ისტორიას მარტოხელა ქალზე, რომელიც შვილს დატოვებს ( წერილით: „გთხოვთ, გიყვარდეთ და იზრუნეთ ობოლ ბავშვზე“), გულგრილი ვერ შეხვდება მაწანწალის ამბავს,  რომელიც  ბავშვს  იპოვის, გაზრდის, მასზე იზრუნებს და შეიყვარებს. მითუფრო კი გულგრილად ვერ შეხვდება  ამბავს ბავშვზე, რომელსაც  დედას ყველასგან მიტოვებული, იქნებ თვითონაც ობოლი მაწანწალა აპოვნინებს, მოგვიანებით კი  თვითონ ბავშვი აპოვნინებს მაწანწალას სახლს და ოჯახს.

ჩაპლინი იქნება პირველი, ვინც საზოგადოების უჩინარ ბავშვებზე ალაპარაკდება, საზოგადოების დავიწყებულ სიზმრებზე,  სიღარიბისა და გულგრილობის შვილებზე, რომლებსაც მხოლოდ დანაშაული ახილვადებთ. ეს ბავშვები შესაძლოა სამხილიც ყოფილიყვნენ  ცხოვრების,  რომელიც  მათთვის ისეთივე მყიფე აღმოჩნდება, როგორც ფანჯრის მინები, რომლებსაც ისინი გულმოდგინედ  დაამსხვრევენ.

კინოში  ბავშვის („ჩიტი ბუდეში“) პატარა ხელებისა და უდანაშაულო სახის გამოჩენით  ჩაპლინი კინოს ყველაზე ბუნებრივ ნაწილად აქცევს მათ,  ბავშვებს, დაუცველებს,  ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნის ეს ადგილი.

ამიტომ შემთხვევითი არ იქნება თუ ჯეკი კუგანის გამოჩენის შემდეგ, კინოსა და ბავშვის სამყაროს მსგავსებაზე კინოთეორეტიკოსებიც მალევე ალაპარაკდებიან. ალაპარაკდება    ბელა ბალაშიც, როცა  წიგნში „visible man”  ერთ თავს საგანგებოდ სწორედ  ბავშვებს მიუძღვნის: „ბავშვის ყურება კინოში ცუდად თამაშის დროსაც ღირს.  ბავშვის სახის გამომეტყველება ვერასდროს იქნება ისე ყალბი როგორც იმის, ვინც თამაშობს, რადგან მისი თანდაყოლილი ფიზიოლოგიის განვითარებაა. კინოში ბავშვები მუდამ საკუთარ ხელებს იყენებენ, მაგრამ სიტყვები, რომლებსაც იყენებენ მხოლოდ მათ არ ეკუთვნით.“

ბალაშივე ალაპარაკდება იმ უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რომელსაც ხელოვნების ისტორიაში პირველად კინო ბავშვებს მისცემს:  „ბავშვების როლი კინოში თეატრზე გაცილებით დიდია. სცენაზე მათი როლი იმდენად მნიშვნელოვანია რამდენადაც პიესაში, აჩვენონ რისი გაკეთებაც შეუძლიათ.  თუმცა კინოში, როგორც ვნახეთ, ახლო ხედს მაყურებლამდე უფრო ახლოს  მათი ჟესტები, განცდები მოაქვს. კინოში შეგვიძლია აღფრთოვანება ბავშვებით, როგორც ბუნებრივი ფენომენით, როლისგან დამოუკიდებლადაც… ბავშვები თეატრის სცენაზე არასდროს ყოფილან ისე წარმატებულები, როგორც ჯეკი კუგანი.“

ფაქტია,  კინოს ისტორიაში პირველად სწორედ ჩარლი შეძლებს მაყურებლისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების პოეტურობის დანახვებას „პატარა ადამიანის პერსპექტივიდან“, იქნებიან ისინი მაწანწალები (რომლებიც ძალიან ჰგვანან ბავშვებს) თუ (თვითონ) ბავშვები.

ჩაპლინის „ბავშვის“ გადაღების შემდეგ წლები გავა და უკვე პირველი  მსოფლიო ომის შემდეგ,  კინოეკრანზე  ცოტა ხნით გაჩნდებიან კინოს ისტორიის პირველი ანარქისტი ბავშვები. გაჩნდებიან 1933 წელს, როცა საფრანგეთში, „ანარქიზმისა და სიურეალიზმის ბუნებრივი შვილი“,   ჟან ვიგო  ფილმს „ნული ყოფაქცევაში“ გადაიღებს.

ყოველგვარ წესრიგსა და დისციპლინას  ჟან ვიგოს ანარქისტები სკოლაში საკუთარი დეტალურად გაწერილი  რევოლუციური გეგმით დაუპირისპირდებიან. მოსწავლეების მიერ სადილობისას დაწყებული აჯანყება („ისევ ლობიო, გვძულს ლობიო!“) მალევე იქცევა გამოცხადებული ომის ქრონიკად  („ომი გამოცხადებულია! ძირს მასწავლებლები! გაუმარჯოს რევოლუციას! თავისუფლება ან სიკვდილი!), რომელიც ბავშვების მიერ  სკოლის თავზე მეკობრეების  დროშის აღმართვით დასრულდება. ჟან ვიგო მაყურებელს ფილმის დაწყებისთანავე დააბნევს, როცა პირველად აჩვენებს ბავშვებს, რომლებიც ეწევიან. დააბნევს მაშინაც, როცა ტაბარდი, გაბრაზებული მოსწავლე კინოს ისტორიაში პირველად მასწავლებელს  დაუყვირებს „shit on you.” (მოგვიანებით ეს ფრაზა ფრანგულ გაზეთების  სათაურად  იქცევა.)

ფილმს „იმფანტილური“, „არარაცინალური“, მოურჯულებელი  ბავშვებით 30-იანი წლების ფრანგული ცენზურა, ალბათ, დაინდობდა, თუმცა ფილმს რადიკალი, ანარქისტი ბავშვებით, რომლებიც პილიტიკურ განცხადებებს აკეთებენ,  ცენზურა არ დაინდობს. არ დაინდობს რეჟისორის ავტობიოგრაფიიდან გამომდინარეც, რადგან  რეჟიმისთვის  ჟან ვიგო ცხოვრების ბოლომდე ანარქისტი მამის მიგელ ალმერეიდას შვილად დარჩება (1917 წელს ციხეში მოკლავენ), ამიტომ ფრანგულ  კათოლიკურ ჟურნალში ვიგოს მიმართ ნათქვამი „შეპყრობილი მანიაკი“, მოულოდნელი არავისთვის აღმოჩნდება.

ჟან ვიგო იქნება მეორე, ლუმიერების შემდეგ, ვინც კინოეკრანზე ბალიშებით მოთამაშე ბავშვებით,  მაყურებელს დაარწმუნებს „ბავშვების ყურება ეკრანზე, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, რომ უყურებენ დაკარგული სამოთხის ხილვას ჰგავს.“  დაკარგული სამოთხის დაბრუნების ამ  მცდელობას ფრანგული ცენზურა დაუპირისპირდება იმით, რასაც ხშირად გააკეთებს ბავშვების დაცვის სახელით,  დაუნდობელი აკრძალვით. მოულოდნელი არ იქნება, რომ  კინოს ისტორიაში პირველად ცენზორები მომავალი 20 წლით თაროზე შემოდებენ ფილმს, რომლის თითქმის  ყველა გმირი ბავშვია, ყველა გმირი სრულიად თავისუფალი.

გავა წლები და პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ, იმავე საფრანგეთში,  ფრანგულ კინოკლუბში ჟან ვიგოს დავიწყებულ ფილმებს საგანგებოდ უკვე სწორედ  ბავშვებს უჩვენებენ. ერთ-ერთ მსგავს ჩვენებას  (ორმაგი ბილეთი:  „ატალანთა“, „ნული ყოფაქცევაში“) 16 წლის მომავალი კინორეჟისორი, ფრანსუა ტრიუფოც დაესწრება, რომელიც წლების შემდეგ, 1951 წელს თავის პირველ სრულმეტრაჟიან, ავტობიოგრაფიულ ფილმს, “400 დარტყმას“, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთ პირველ ფილმს,  ანდრე ბაზენსა და  სწორედ ჟან ვიგოს დავიწყებულ ბავშვებს მიუძღვნის.

Close Menu